პრეზიდენტმა სიტყვა ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და მილოცვით დაიწყო: "მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი წარმატება და სიხარული, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მოგვიტანა. ისტორიაში პირველად, ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ამისთვის, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს, ჩემი გუნდის თითოეულ წევრს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ამ წარმატებისთვის. მადლობა მთელ საფეხბურთო ოჯახს, მედიის წარმომადგენლებს, გულშემატკივრებს - ყველას ერთობა ქმნის წარმატებას - უდიდეს სიხარულს, რომელიც 26 მარტს თითოეულ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ეწვია", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა და აღნიშნა, რომ 2022 წელს წარდგენილი ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმის თანახმად, ეროვნული ნაკრების წარმატება ყველა რგოლის სწორი მუშაობის და განვითარებული სპორტული ეკოსისტემის შედეგია, რაც მოიცავს დიდ ტექნიკურ განახლებას, სპორტული სისტემის მოწესრიგებას და დიდი ტურნირების მასპინძლობით დაგროვებულ გამოცდილებას. ხაზი გაესვა ეროვნული გუნდების ახალი იდენტობის შექმნის მნიშვნელობას, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.
სფფ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდაზე და საგანმანათლებლო აქტივობებზე, მათ შორის მწვრთნელთა განათლების პროგრამაზე. ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა სპონსორებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. ასევე UEFA-ს, FIFA-ს და სახელმწიფოს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.
ყრილობამ იმსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის:
- ფეხბურთის ფედერაციის წევრობიდან გავიდა ა.ა.ი.პ კავშირი "საფეხბურთო კლუბი სამტრედია", რომელმაც სააქციო საზოგადოება "საფეხბურთო კლუბ სამტრედიასთან" გაფორმებული სპორტული და სამართლებრივი უფლებამონაცვლეობის შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტა.
- საფეხბურთო კლუბი იბერია 1999, საფეხბურთო კლუბი სამტრედია და 7X7 ფეხბურთის ასოციაცია გახდნენ სფფ-ის წევრები
- სფფ-ის ასოცირებულ წევრად იქნა მიღებული კიბერ სპორტის ფედერაცია
- დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი
სფფ-ის რიგით XXXIV ყრილობას ესწრებოდნენ FIFA-ს წევრი ორგანიზაციების რეგიონული მენეჯერი, ჯანი მანკა და UEFA-ს მრჩეველი ეროვნულ ასოციაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ჯოზეფ კლიმენტი.