პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული.
ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში გავმართავთ და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ჩვენი გუნდის და ამ სპორტის სახეობის მთავარ პრიორიტეტს, ყოველთვის გუნდურობა წარმოადგენდა. ამ წარმატებამდეც, გუნდურობამ და პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის მონდომებამ, პროფესიონალიზმმა და ერთობლივმა მუშაობამ მიგვიყვანა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება, გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ, სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.
ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ჯილდო უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობაა - მთავარ პრიორიტეტს და საზრუნავს კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა წარმოადგენს და ამ მიზნისთვის ერთიანი გუნდით ვაგრძელებთ მზადებას.
კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ, მათ, ვინც ეს წარმატება ჩვენთან ერთად გაიზიარა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.