Home

სასტუმრო სტამბაში სფფ-ის 30-ე ყრილობა გაიმართა

eZy Watermark 13-09-2020 12-18-26pm 21


13 სექტემბერს, სასტუმრო სტამბაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 30-ე ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან წინა ყრილობის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძირითად პრიორიტეტებზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ლევან კობიაშვილმა მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტის მოხსენების თანახმად, უკვე დასრულებულია ვარკეთილისა და ფოთის საფეხბურთო ცენტრების მშენებლობა. მიმდინარე წლის შემოდგომაზე მსგავსი ტექნიკური ცენტრები გაიხსნება გლდანსა და ვაკეში. ასევე, დაგეგმილია ტექნიკური ცენტრის მშენებლობა დიდ დიღომში. დღევანდელ ყრილობაზე კი, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ნუცუბიძის პლატოზეც მოეწყობა.

პრეზიდენტის მოხსენების ფარგლებში ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო აკადემიების შესახებ ისაუბრა და ქართული ფეხბურთის განვითარებაში მათ როლზე გაამახვილა ყურადღება. სფფ-ის პრეზიდენტის განცხადებით რუსთავში, ზუგდიდში და ლაგოდეხში არსებულ ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებს სულ მალე სოფელ რუხისა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და სოფელ გვიმბალაურის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) აკადემიები დაემატებათ. დღევანდელ ყრილობაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას ქუთაისში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ყველა ეს პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ფიფას და უეფას სხვადასხვა პროგრამებიდან მოზიდული თანხებით ხორციელდება.

სფფ-ის პრეზიდენტმა ასევე იმ ახალ სტადიონებზე ისაუბრა, რომლებიც 2019-2020 წლებში გაიხსნა, მათ შორის, აგრანო ვაჩნაძის სახელობის სტადიონი ამბროლაურში და კასპის ცენტრალური სტადიონი. ასევე მიმდინარეობს ხაშურის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა.

ლევან კობიაშვილმა ასევე ისაუბრა ბათუმის ახალი სტადიონის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს არის ისტორიული პროექტი, რომლითაც ამაყობს არა მხოლოდ ბათუმის, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობა.

ამას გარდა, მიმდინარე წლის ბოლომდე ფიფას პროგრამა ფორვარდის დახმარებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი საერთაშორისო სტანდარტების 1400 ლუქსიანი განათებით აღიჭურვება.

სფფ-ის პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც ქართული ფეხბურთი კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად დადგა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაცია გახდა ქვეყანაში პირველი სპორტული ორგანიზაცია, რომელმაც პანდემიის პერიოდში ეროვნული ჩემპიონატის განახლება შეძლო. დღევანდელი მდგომარეობით კი, ყველა შესაბამისი რეგულაციების დაცვით სფფ-ის ეგიდით მიმდინარე ყველა ტურნირი აღდგენილია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. მათ შორის, სამოყვარულო, ქალთა და ფუტსალის ლიგები.

ლევან კობიაშვილმა ქალთა ფეხბურთის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალთა ლიგაში გუნდების რაოდენობა 14 გუნდამდე გაიზარდა, მომავალ სეზონში კი, ქალთა ჩემპიონატს მეორე დივიზიონი დაემატება.

ზემოთ აღნიშნული თემების გარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საკუთარ მოხსენებაში 2019-2020 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ასპარეზობა შეაფასა. სფფ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა მსაჯთა კორპუსისა და საფეხბურთო განათლების შესახებ.

სფფ-ის პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მასობრივი ფეხბურთისა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ფეხბურთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.

საკუთარი მოხსენების ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, FIFA-ს, UEFA-ს და კომერციულ და სოციალურ პარტნიორებს.

მსოფლიოში მიმდინარე კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების გამო სფფ-ის ყრილობაზე ჩამოსვლა ვერ მოახერხეს ფიფა-ს წევრი ევროპის ასოციაციების დირექტორმა, ნოდარ ახალკაცმა და უეფას ეროვნულ ასოციაციათა განვითარების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ კლიმენტმა.
საფეხბურთო ფუნქციონერები ყრილობას ვიდეო-კონფერენციის საშუალებით დაესწრნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

სპეციალური ვიდეო მიმართვები გაავრცელეს ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და უეფას გენერალურმა მდივანმა თეოდორ თეოდორიდისმა. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოების მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს იმ წინსვლის შესახებ, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას ბოლო წლების განმავლობაში აქვს და ქართულ ფეხბურთს წარმატება უსურვეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქართველოს მალე ესტუმრებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 30-ე ყრილობაზე ქართული ფეხბურთის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ადამიანები დაჯილდოვდნენ. სპეციალური ჯილდო გადაეცა მეკარისთვის ბურთის უკან დაბრუნების აკრძალვის წესის ქართველ თანაავტორს - სულხან იაშვილს. ასევე დაჯილდოვდენ სფფ-ის დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი - მამუკა კვარაცხელია და ქართული ფეხბურთის მემატიანე - რევაზ შენგელია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სპეციალური ჯილდო გადასცა კახა შალამბერიძის ოჯახს. აღნიშნა კახას ღვაწლი ქართული ფეხბურთისთვის და მიუსამძიმრა მის ოჯახის წევრებს. შეგახსენებთ, რომ კახა შალამბერიძე წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ეროვნული ლიგის განვითარებაში, იგი ასევე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მედია-მენეჯერად მუშაობდა.

სფფ-ის ყრილობაზე, კენჭი უყარეს ქვემო ქართლის ფეხბურთის ფედერაციის წევრობიდან გარიცხვას არაქმედითუნარიანობის გამო. დღესვე ასოცირებულ წევრად მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია. სფფ-ის ასოცირებული წევრი გახდა აგრეთვე საფეხბურთო კლუბი "საბურთალო". ორივე სუბიექტმა სფფ-ის გენერალურ სამდივნოში ასოცირებული წევრობისთვის საჭირო დოკუმენტაცია წინასწარ დააფიქსირა, რომელიც აღმასკომის მიერ იქნა ინიცირებული და ყრილობაზე წარდგენილი.

ზემო აღნიშნულ საკითხებთან ერთად, ყრილობაზე სფფ-ის წესდებაში შესატანი ცვლილებები და 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა
.----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Free business joomla templates