“მეშახტემ“ გამარჯვება გარდაცვლილ მწვრთნელს მიუძღვნა

30 აგვისტოს დაიწყო XXV ეროვნული ჩემპიონატის გათამაშება პირველი ლიგის გუნდებს შორის. “ა“ ჯგუფში პირველი ტურის ერთ-ერთი მატჩი ტყიბულში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “მეშახტემ’’ თელავის “კახეთს’’ უმასპინძლა.

მეშახტეთა ქალაქში სეზონის გახსნას წინ ვეტერანთა შეხვედრა უძღოდა. ტყიბულის ვეტერანთა გუნდი ქუთაისელებს დაუპირისპირდა. ქუთათურთა გუნდის ბირთვს ძირითადად ის ფეხბურთელები შეადგენდნენ, რომლებიც სხვადასხვა დროს “მეშახტის“ რიგებში გამოსულან.

შეხვედრა მიმდინარე წლის 11 აგვისტოს მოულოდნელად გარდაცვლილი ტყიბულელთა მწვრთნელის, დავით გვენეტაძის ხსოვნას მიეძღვნა. ვეტერანთა მატჩის მოწყობა მეგობრების დახმარებით წარსულში ტყიბულის “მეშახტეს’’ ფეხბურთელმა კახა არსენიძემ ითავა და საქმეს თავი ჩინებულად გაართვა. მატჩი ორი 25-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა. ვეტერანებმა ახალგაზრდობა გაიხსენეს და მატჩზე დამსწრე მაყურებელს ერთობ საინტერესო სანახაობა შესთავაზეს.

ვეტერანთა გუნდები გულშემატკივართა წინაშე შემდეგი შემადგენლობით წარსდგნენ:

მეშახტე: დავლიანიძე, კალანდაძე, დოხნაძე, კანკია, ფორჩხიძე, პატარიძე, მერაბ ბაბუხადია, გამყრელიძე, ქასრაშვილი, ობოლაძე, შარაშენიძე, სიხარულიძე, კალატოზი, გვეტაძე, კახა ბაბუხადია, გოგიჩაძე, ლაფერაძე, ნატროშვილი, სოფრომაძე, ლომთაძე.

ტყიბულელთა გუნდი მოედანზე მათმა ყოფილმა დამრიგებელმა ჯუმბერ ჯალაღანიამ გამოიყვანა, რომელსაც ასევე ყოფილი მეშახტელები თემურ ძაგნიძე და ვასილ ტროიანი ეხმარებოდნენ.

ქუთაისი: თევზაძე, მუშკუდიანი, ვაშაკიძე, ფაიქიძე, სილაგაძე, მეფარიძე, იონანიძე, ჭაჭუა, არსენიძე, სულაკაძე, ჯანელიძე, ლორთქიფანიძე, გიორგობიანი, ხაჭიპერაძე, ბაბუნიძე, ჭყონია, ბოჭორიშვილი, სანიკიძე, რუსიშვილი.

ქუთათურთა მწვრთნელი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და გარკვეული დროის განმავლობაში ტყიბულელთა დამრიგებელი ჯემალ ხერხაძე გახლდათ, რომელსაც ასისტენტობას ასევე ყოფილი მეშახტელი იასონ ზიკაძე უწევდა.

ვეტერანთა მატჩს უახლოეს წარსულში ცნობილი მსაჯი კობა გაბრიაძე უძღვებოდა.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმი მათივე კარნახით წარიმართა. ცნობილმა ქართველმა გოლეადორმა ზურაბ იონანიძემ თავისი კლასი ამჯერადაც გვიჩვენა და ორი ზუსტი დარტყმის შემდეგ ქუთათურები 2:0 დააწინაურა.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმაც იძალეს და შარაშენიძემ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, თუმცა მალე შეცვლაზე შესულმა ტყიბულელთა ყოფილმა ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა ნუგზარ რუსიშვილმა ზუსტი, გამოზომილი დარტყმით ანგარიშში სტატუს კვო აღადგინა - 1:3.

შეხვედრის დარჩენილი დრო მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და როგორც ასეთ შეხვედრებშია მიღებული, მეგობრული ყაიმით - 3:3 დასრულდა. ტყიბულელთა მხრიდან გოლები გვეტაძემ და კანკიამ გაიტანეს.

მატჩის შემდეგ იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ გარდაცვლილი დავით გვენეტაძის შვილს, “მეშახტის“ ფეხბურთელ გიორგი გვენეტაძეს ვეტერანთა მატჩის მონაწილე ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი ბურთი გადასცა.

ვეტერანთა მატჩის შემდეგ მაყურებელთა წინაშე ტყიბულის “მეშახტე“ და თელავის “კახეთი“ წარსდგნენ. შეხვედრის დაწყებამდე მეტოქე გუნდების კაპიტნებმა ივანე კილაძემ და გოჩა ლომიძემ საქართველოს ეროვნული დროშა აღმართეს. ტყიბულელი ფეხბურთელები შავი სამკლავურებით გამოვიდნენ, ხოლო მატჩის დაწყებას წინ წუთიერი დუმილი უძღვოდა.

თვითონ შეხვედრას რაც შეეხება, მასპინძლებს დიდი მოტივაცია ჰქონდათ. უნდოდათ, რომ პირველი გამარჯვება თავიანთი გარდაცვლილი მწვრთნელისთვის მიეძღვნათ. ტყიბულელ ფეხბურთელებს თავი არ დაუზოგავთ. მათ წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს და პირველ ტაიმში თემურ სანიკიძისა და მეორე ნახევარში თორნიკე გოგიჩაძის გოლებით 2:0 იმარჯვეს.

“მეშახტის“ რიგებში მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის ტყიბულის საკრებულოს მიერ დაწესებული პრიზი გიორგი გვენეტაძეს გადაეცა.

მეშახტე - კახეთი 2:0 (1:0)

30 აგვისტო. 17:00. ტყიბული. “ვლადიმერ ბოჭორიშვილი’’. 500 მაყურებელი

მეშახტე: მემარნიშვილი, ხარაბაძე (ქაშაკაშვილი 46), ჯანგიძე, ჭანკვეტაძე, კოღუაშვილი (სოფრომაძე 87), გიორგობიანი, სანიკიძე, გოგიჩაძე (გვენეტაძე 75), ჯიშიაშვილი, კილაძე (კ), ჟღენტი

მთავარი მწვრთნელი: დავით რუხაძე

კახეთი: აბულაშვილი, ბეგაშვილი, ლომიძე (კ), მერველაშვილი, მაჭარაშვილი, ამირან ნატროშვილი, ჩიტალაძე, მურადაშვილი, ცისკარაული, ხუციშვილი, პოპიაშვილი (ალექსანდრე ნატროშვილი 46)

მთავარი მწვრთნელი: როსტომ თორღაშვილი

გოლები: 1:0 სანიკიძე (35), 2:0 გოგიჩაძე (74)

გაფრთხილება: მერველაშვილი (80)

არბიტრი: თემურ ხუჭუა

იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრესცენტრი

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt