17-წლამდელებში „რაჭა“ კვლავ უდანაკარგოა

30 აპრილს იმერეთის ღია ჩემპიონატებზე ორ ასაკობრივ ჯგუფში მორიგი ტურის მატჩები შედგა. U17 გათამაშებაში ისევ მოიგო და დაკარგული ქულების გათვალისწინებით ლიდერობს ამბროლაურის "რაჭა". სრული ტური გაიმართა 2005-წლამდელებშიც, სადაც სამტრედიის სპორტსკოლის გუნდმა ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით (9:0) საჩხერის "მართვე" დაამარცხა.

"მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) – "მართვე" (ვანი) 1:1
"მართვე-1" (ქუთაისი) – "მაჭახელა-2" (ხელვაჩაური) 0:1
"ტორპედო" (ქუთაისი) – "დინამო" (ბათუმი) 0:3
"რაჭა"(ამბროლაური) – "სპორტსკოლა" (ონი) 5:0

რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაზე (2000-2001წწ დაბადებულები) ორი დერბი გაიმართა - იმერული და რაჭული. თუ პირველში მეტოქეებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს (ვანელი დავით ნასრაძის (50) გოლს ზესტაფონელმა გიორგი ქიმუცაძემ 75-ე წუთზე უპასუხა), მეორეში მასპინძელი ამბროლაურელების უპირატესობა თვალსაჩინო გახლდათ - 5:0. 2-2 გოლი გაიტანეს მერაბ მომცემლიძემ (19, 23) და გეგა ჯოხაძემ (59, 69), ხოლო თომა ჯანელიძემ 71-ე წუთზე მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ქუთაისში ორივე აჭარული გუნდის ვოიაჟი სტუმართა მოგებით დასრულდა. "მაჭახელა-2"-მა "მართვე-1"-თან ზურაბ ჯინჭარაძის (53) გოლით იმარჯვა, ხოლო გოჩა ყულეჯიშვილისა და მერაბ გეთიას გაწრთვნილებმა "ტორპედოს" 3 უპასუხო გოლი გაუტანეს - თორნიკე ბურკაძე (18), ნიკა მამულაძე (66), რეზი ცინცაძე (77).

ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე 2005-წლამდელმა ჭაბუკებმა მე-4 ტურის 6-ვე მატჩი გამართეს:

"ტორპედო" (ქუთაისი) – "საპოვნელა" (თერჯოლა) 0:1
"სამტრედია" – "იმერეთი" (ქუთაისი) 2:2
"ხვამლი" (ცაგერი) – "მართვე" (ქუთაისი) 0:2
"მართვე" (ვანი) – "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 1:1
"იმერეთი" (ხონი) – "ჩიხურა" (საჩხერე) 1:2
"სპორტსკოლა" (სამტრედია) –"მართვე" (საჩხერე) 9:0

თერჯოლის "საპოვნელამ" "ტორპედო" საბა რობაქიძის მიერ პირველ ტაიმში (17) გატანილი გოლით დაამარცხა - 0:1.

ერეკლე ხუჭუას გოლით (7) იგებდა "სამტრედია" ქუთაისის "იმერეთთან", თუმცა საბა კუპრაშვილმა პირველსავე ტაიმში (18) შეძლო გათანაბრება. გიორგი ტორაძის გოლით (39) მეორე 30-წუთეულში უკვე სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ ლევან ჯვარშეიშვილმა 46-ე წუთზე აღადგინა წონასწორობა და მატჩიც ფრედ დასრულდა - 2:2.

ვალერი კუბლაშვილის გაწრთვნილმა 12-წლამდელმა "მართველებმა" ცაგერში "ხვამლის" წინააღმდეგობა მხოლოდ მეორე ტაიმში დაძლიეს. ჯერ ლუკა ბრეგაძემ (41) დააწინაურა რიონისპირელები, ბოლოს კი ოლეგ გამეზარდაშვილმა (50) დაუსვა წერტილი მატჩის შედეგს - 0:2.

ვანში ნორჩი "მარგველები" ნიკოლოზ მღარიშვილის გოლით (21) იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა საბა დიასამიძის (46) მცდელობით შეძლეს საბოლოოდ საყაიმო შედეგის დაფიქსირება - 1:1.

ხონში "ჩიხურამ" ავთო კუტალაძის გოლით შეძლო ტაიმის სათავისოდ დასრულება. მასპინძელმა მათე ბახტაძემ შესვენების შემდეგ გაათანაბრა, თუმცა საჩხერელმა გიორგი იაკობიძემ მაინც ზემოიმერლები დატოვა გამარჯვებულები - 1:2.

სამტრედიის სპორტსკოლის გუნდმა (მწრთვნელი ვლადიმერ ქანთარია) შინ დამაჯერებლად სძლია საჩხერის "მართვეს"- 9:0. პირველ ტაიმში გოლები მხოლოდ თეიმურაზ ქანთარიამ (12, 21) გაიტანა. მატჩის მეორე ნახევარში ჰეთ თრიკით გამოირჩა გიორგი ანდრიაძე (32, 38, 58), დუბლით ნიკოლოზ გუგუციძე (43, 54), ხოლო ლუკა ბარამიამ (47) და თეიმურაზ ანდრიაძემ (59) თავი თითოჯერ ისახელეს.