სტარტი აიღო ირფფ-სა და ქუთაისის მერიის ერთობლივმა ტურნირმა

5 მაისს, ჭომის სტადიონზე სტარტი აიღო ფეხბურთში 13 მაისის ისტორიული გამარჯვებისადმი მიძღვნილმა რამაზ შენგელიას სახელობის ტურნირმა. მასში მონაწილეობას იღებს იმერეთის რეგიონის 8 გუნდი, რომლებიც 2005 წლამდე ჭაბუკებით არიან დაკომპლექტებულები.

ტურნირის საზეიმო გახსნაზე ორგანიზატორების - ქუთაისის მერიისა და ირფფ-ს მესვეურთა გარდა, ქუთაისის "ტორპედოს" ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ. მათგან უმეტესობას ლეგენდარულ ქართველ ფორვარდ რამაზ შენგელიასთან ერთობლივი მუშაობის წლები აკავშირებდათ. ისინი მონაწილეებს მიესალმნენ და დიდ ფეხბურთში მიმავალი გზა დაულოცეს.

I ჯგუფის მატჩები ასეთი შედეგებით დამთავრდა:

"სამტრედია"- "მარგვეთი 2006" 2:3 (2:1)
"ტორპედო" (ქუთაისი) - "საპოვნელა" (თერჯოლა) 5:1 (2:0)

თავდაპირველად სამტრედიელები დაწინაურდნენ. ანგარიში ლევან ჯვარშეიშვილმა 22-ე წუთზე გახსნა, რასაც მისმა თანაგუნდელმა ავთანდილ მამფორიამ სამიოდე წუთში კიდევ ერთი გოლი მოაყოლა. მარგველმა ნიკა მღარიშვილმა ტაიმის ბოლო წამებზე ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლო - 2:1. შეხვედრის მეორე ნახევარში მოედანზე სულ სხვა სურათი ვიხილეთ - უპირატესობას უკვე ყვირილასპირელი მოზარდები დაეუფლნენ და საბოლოოდ 3 ქულის მოპოვებაც მოახერხეს. 37-ე წუთზე ზაზა კიკნაველიძემ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 43-ე წუთზე მღარიშვილმა დუბლის შესრულება და ზესტაფონელთათვის ტურნირში პირველი 3 ქულის ჩაწერა შეძლო - 2:3.

ჯგუფის მეორე მატჩში ვალერი მუშკუდიანის გაწრთვნილმა "ტორპედომ" თერჯოლელ თანატოლებს დამაჯერებლად მოუგო. ანგარიში, მე-8 წუთზე შესრულებული ეფექტური საჯარიმო დარტყმით საბა გოგლიჩიძემ გახსნა, რასაც გიორგი ხურციამ 27-ე წუთზე კიდევ ერთი მიუმატა. მეორე ტაიმის დასაწყისში თერჯოლელმა შოთიკო დიაკონიძემ ზუსტად შეძლო ქუთათურთა კარისკენ დანიშნული ჯარიმის რეალიზება. ამის შემდეგ კი, გოლები მხოლოდ ტორპედოელებს გაჰქონდათ - ალეკო ბასილაძის დუბლს (47, 57) გიორგი ვერულიძემ ერთიც მიუმატა და მისი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება უზრუნველყო - 5:1.

ორი მატჩი გაიმართა II ჯგუფშიც:

"მართვე" (ქუთაისი) - "მართვე" (ვანი) 0:3 (0:1)
"ჩიხურა" (საჩხერე) - "იმერეთი" (ხონი) 2:0 (1:0)

გათამაშების სასტარტო მატჩში ვანელთა კაპიტანმა ლუკა ოქროპილაშვილმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა. ქუთაისელი მართვეები მეორე ტაიმში მეტოქეს გაცილებით მეტს უტევდნენ, მაგრამ გოლებს საკუთარ კარში იღებდნენ. ჯერ ლუკა გიორგაძემ (53) ვანელების სწრაფი კონტრშეტევა დააგვირგვინა, მერე კი რომიკო თეთვაძემ (57) დაუსვა წერტილი მეტად საინტერესო დაპირისპირებას - 0:3.

ხონის "იმერეთთან" საჩხერელთა სათამაშო უპირატესობა ალექსანდრე ხვედელიძის შეგირდებმა ტაიმებში გატანილი თითო გოლით აღნიშნეს. ავთანდილ კუტალაძემ ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა, ხოლო იური ერაძემ საბოლოო შედეგი მე-40 წუთზე დააფიქსირა - 2:0.

6 მაისს, გუნდები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩებს გამართავენ. აი მათი განრიგიც:

"ტორპედო" - "სამტრედია" - 10:00
"მართვე" (ვანი) - "იმერეთი" (ხონი) - 11:00
"საპოვნელა" - "მარგვეთი 2006" - 17:00
"მართვე" (ქუთაისი) - "ჩიხურა" 18:00