26 მაისის ტურნირი მინი ფეხბურთში

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ქუთაისში გამართული ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც 2001-2002 წლებში დაბადებული ბავშვები მონაწილეობდნენ. ტურნირმა, რომელსაც ორგანიზებას ქალაქის სპორტის სამსახური და იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია (პრეზიდენტი ვალერი მანაგაძე) უწევდნენ, დიდი დაინტერესება გამოიწვია. მასში მონაწილეობა 200-მდე მოზარდმა მიიღო.

თავიდან, თამაშები ქალაქის სხვადასხვა მინი სტადიონებზე, რამდენიმე ქვეჯგუფში გაიმართა, რომლებშიც გამარჯვებულმა ოთხმა გუნდმა, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალური მატჩები ქალაქის პირველი საჯარო სკოლის ხელოვნურსაფარიან მინდორზე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ გადაუღებლად წვიმდა, სანახაობრივი მხარე ამით არ დაზარალებულა, პირიქით, ბავშვები უფრო მეტი ჟინით თამაშობდნენ და ერთმანეთს ტოლს არაფერში უდებდნენ.

საბოლოოდ, ტურნირზე წაგებული არავინ დარჩენილა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, მასში მონაწილე ყველა გუნდი შესაბამისი თასებით, სიგელებით და სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდა.