„სამეგრელო“ „დასავლეთის თასი 2017“-ზე უდანაკარგოა

დღეს წყალტუბოში "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშების II ჯგუფში მეორე ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ ჩოხატაურის "ბახმარო" და ჩხოროწყუს "სამეგრელო" წარსდგნენ. ასპარეზობა ამ უკანასკნელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:0.

ანგარიში შეცვლაზე შესულმა ლაშა კალანდიამ 30-ე წუთზე გახსნა. ცოტა ხანში თავი აფრიკელმა ლეგიონერმა სახო ჯუფიმ გამოიჩინა. ტაიმის ბოლომდე "ბახმაროს" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ოთარ ტორაძემ გოლად აქცია - 3:0.
სხვათა შორის, პირველი გოლის ავტორმა "სამეგრელოს" კიდევ ერთი ლეგიონერი, სინჯებზე მყოფი ლორენცო დუგლას ლარკი შეცვალა. ლიბერიელმა შემტევმა ჩოხატაურელთა კიპერთან მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში წარბი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქნა.
მეორე ტაიმში, კონკრეტულად კი 55-ე წუთზე, ჯუფიმ დუბლის შესრულება შეძლო. დარჩენილ დროში "ბახმაროს" ერთი გოლის გაქვითვის შანსი მიეცა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე ორიოდე წუთით ადრე თემურ შარაშენიძემ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. პენალტის ნიშნულიდან მეტოქის კაპიტნის დარტყმული, გამოცდილმა მანუჩარ ივარდავამ კუთხურზე მოიგერია.
"სამეგრელომ" ამ მოგებით პრაქტიკულად გაინაღდა ტურნირის პლეი ოფში თამაშის უფლება - გიზო შენგელიას გაწვრთნილები 6 ქულით ჯგუფს ლიდერობენ. მორიგ მატჩს, 23 თებერვალს ჩხოროწყუელები წყალტუბოში ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-თან გამართავენ.

21 თებერვალი. წყალტუბო, "26 მაისი". 13:30 საათი. 100 მაყურებელი.
"ბახმარო" (ჩოხატაური) - "სამეგრელო" (ჩხოროწყუ) 0:4 (0:3)
"ბახმარო": სასტარტო - გიგა ბუძენაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, შიო ბაბუნაშვილი, სერგო ფირცხალაიშვილი, მამუკა დოლიძე, ირაკლი გუჯაბიძე, ლაშა თენაძე, თემურ შარაშენიძე (კაპ.), ზურა ქურდობაძე, დათო კვერნაძე, ონისე ჩინჩალაძე;
სათადარიგოები - ბადრი შარაშენიძე, ილია ნიკურაძე, გიორგი ფანგანი, მიხეილ გუმბერიძე.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ლორია.
"სამეგრელო": სასტარტო - მანუჩარ ივარდავა, ზურაბ ქვარცხავა, ბადრი ჯომიდავა, ირაკლი ცნობილაძე, იმედა ტყებუჩავა (კაპ.), კონსტანტინე ბარამიძე, მიხეილ კოპალიანი, ოთარი ტორაძე, ნიკო ქუთათელაძე, ლორენცო დუგლას ლარკი, სახო ჯუფი;
სათადარიგოები - გიგა თოლორდავა, ლევან ბოკუჩავა, ლაშა კალანდია, გიორგი ქირია, ლაშა სანაია, ალიკა ყალიჩავა.
მთავარი მწვრთნელი: გიზო შენგელია.
გამოუყენებელი პენალტი: თ. შარაშენიძე (88, მეკარემ აიღო).
გოლები: 0:1 კალანდია (30), 0:2 ჯუფი (34), 0:3 ტორაძე (38, პენ.), 0:4 ჯუფი (55) .
მსაჯები: გიორგი დოგრაშვილი, კობა სადილიანი, ლევან ჩორგოლაშვილი (ყველა ქუთაისი).