1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Home

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალს იმსაჯებენ

153360FE-E365-4FBD-A61F-8F33754DAEF3

6 ივნისს სლოვენიის დედაქალაქი ლუბლიანაში, 2021 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. უეფას გადაწყვეტილებით, ისტორიაში პირველად, კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ შეხვედრას ქართველი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ირაკლი კვირიკაშვილია.

ქართველმა მსაჯებმა ევრო 2021-ზე ფინალურ მატჩამდე სამ შეხვედრაზე იმუშავეს. გიორგი ყრუაშვილის სამსაჯო ბრიგადამ ჯგუფურ ეტაპზე, ესპანეთი - ჩეხეთისა და ინგლისი - შვეიცარიის მატჩებს მოემსახურა, მეოთხედფინალში კი, ესპანეთისა და ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება განსაჯა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და ისტორიაში მეორე ქარველი მსაჯი გახდა, რომელსაც ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრის სტატუსი მიენიჭა. მას შემდეგ გიორგი ყრუაშვილმა, ქართულ სამსაჯო ბრიგადასთან ერთად უეფას ეგიდით გამართული სხვადასხვა დონის შეხვედრებზე იმუშავა, მათ შორის უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სფფ-ის 31-ე ყრილობა სასტუმრო შერატონში გაიმართა

KJR 0289

31 მაისს, სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 31-ე ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან წინა ყრილობიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძირითად პრიორიტეტებზე და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მოხსენებისას ლევან კობიაშვილმა ძირითადი აქცენტი ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, ქალთა ფეხბურთზე და ეროვნულ ნაკრებ გუნდებზე გააკეთა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებზე ქართველი მსაჯებისა და საფეხბურთო მენეჯერების საქმიანობს შესახებ. მოხსენების ფარგლებში ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის კომერციულ, სოციალურ და მედია პარტნიორებს.
სფფ-ის 31-ე ყრილობაზე ფეხბურთის ფედერაციამ დამსწრე საზოგადოებას ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია წარუდგინა. დოკუმენტის პრეზენტაცია ქალთა ფეხბურთის მენეჯერმა ქეთევან ყიფიანმა მოახდინა და დაინტერესებულ პირებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
დამსწრე საზოგადოების წინაშე ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის სტატისტიკური ანალიზის პრეზენტაცია სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა წარადგინა. პრეზენტაცია ყველა იმ აქტუალურ საკითხს მოიცავდა, რომლის გარშემოც ფეხბურთის ფედერაცია მუშაობს.

სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, სფფ-ის 31-ე ყრილობას უეფას ნაციონალური ასოციაციების განვითარების დეპარტამენტის მენეჯერი იოსეფ კლიმენტი დაესწრო. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა შეაფასა და ორგანიზაციას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სასტუმრო შერატონში გამართულ ყრილობაზე სფფ-ის წესდებაში ორი ცვლილება დამტკიცდა. ცვლილება შეეხო სფფ-ის წევრობის წესს, ახალი რედაქციის თანახმად ფეხბურთის ფედერაციის წევრობა მხოლოდ კერძო სუბიექტებს შეეძლებათ. ასევე შეიცვალა აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევის წესი. კომიტეტის წევრთა რაოდენობა უცვლელი დარჩა, თუმცა განახლებული რედაქციით აუცილებელია არჩეულ 10 წევრს შორის არანაკლებ ერთი ქალი იყოს.

31-ე ყრილობაზე ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო სპორტულ ჟურნალისტს დემიკო ლოლაძეს გადაეცა.

დღევანდელ ყრილობაზე გამართული კენჭისყრის თანახმად სფფ-ის წევრის სტატუსი ქვემო ქართლის რეგიონულ ფეხბურთის ფედერაციას და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას მიენიჭათ. ასოცირებულ წევრად კი, მიღებულ იქნენ 7X7 ფეხბურთის ასოციაცია და საფეხბურთო კლუბი თელავი. ყველა სუბიექტმა სფფ-ის გენერალურ სამდივნოში საჭირო დოკუმენტაცია წინასწარ დააფიქსირა, რომელიც აღმასკომის მიერ იქნა ინიცირებული და ყრილობაზე წარდგენილი.

ზემო აღნიშნული საკითხების გარდა, 31-ე ყრილობაზე სფფ-ის 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და დებულების თანახმად დაინიშნა დამოუკიდებელი აუდიტი.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე

euro2021


31 მაისს, 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფი მეოთხედფინალური მატჩებით დაიწყება. სლოვაკეთის ქალაქ მარიბორში ესპანეთი ხორვატიას დაუპირისპირდება. უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯად კი ირაკლი კვირიკაშვილი იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ყრუაშვილის სამსაჯო ბრიგადამ ევრო 2021-ის ჯგუფურ ეტაპზის ორ შეხვედრაზეც იმუშავა. ქართველი მსაჯები ესპანეთი - ჩეხეთისა და ინგლისი - შვეიცარიის მატჩებს მოემსახურნენ.

ევრო 2021-ის მეოთხედფინალური შეხვედრის გარდა ქართველი მსაჯები ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზეც იმუშავებენ. შესარჩევი ტურნირის პირველ შეხვედრაში 5 ივნისს ბელარუსი საკუთარ მოედანზე კვიპროსს უმასპინძლებს. მატჩი ქალაქ ჟოდინოში გაიმართება და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ალეკო აფციაურია.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქართველი დელეგატი ევრო 2020-ზე

IMG-20210527-WA0002 0

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების ხელმძღვანელი და უეფას დელეგატი, ირაკლი ნაკაიძე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დელეგატის რანგში იმუშავებს.


ქართველი დელეგატი გათამაშების ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში, ბაქოში იმუშავებს, სადაც ჯგუფური ეტაპის სამ (უელსი 12.06 შვეიცარია, თურქეთი 16.06 უელსი, შვეიცარია 20.06 თურქეთი) და მეოთხედფინალის (3 ივლისი) ერთ მატჩს მოემსახურება. ქართველი საფეხბურთო მენეჯერი უეფას მიერ შერჩეულ 11 დელეგატს შორისაა.

წარსულში, ირაკლი ნაკაიძეს დელეგატის რანგში უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტურნირზე უმუშავია. მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის სეზონის მეოთხედფინალურ მატჩზე, სადაც ბარსელონამ საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით - 3:0 დაამარცხა.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტის სხდომა გაიმართა

UEFA

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, უეფას ფეხბურთის კომიტეტს თავჯდომარის რანგში უხელმძღვანელა. სხდომა, პანდემიის გამო ქვეყნებს შორის გართულებული გადაადგილების გამო ონლაინ რეჟიმში გაიმართა და კომიტეტი 2019 წლის 19 ნოემბრის შემდეგ პირველად შეიკრიბა.

კომიტეტის სხდომას, წევრებთან, თავჯდომარის მოადგილე - ბორისლავ მიხაილოვთან, ასევე პირველ და მეორე ვიცე-თავმჯდომარეებთან პაველ ჩებანუსა და ლუიშ ფიგუსთან ერთად უეფა-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ჯორჯო მარკეტი, უეფა-ს ქალთა ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელი ნადინ კესლერი და უეფა-ს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომიტეტის სხდომაზე, ფეხბურთის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის, თამაშის წესების, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის და და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის, ასევე ახალგაზრდული ჩემპიონატების სტრუქტურისა და მიმდინარე წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ფეხბურთის კომიტეტის მომდევნო სხდომასთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

18
ლევან კობიაშვილმა უეფას ფეხბურთის კომიტეტს პირველად 2019 წლის ნოემბერში უხელმძღვანელა

შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტის თავჯდომარედ 2019 წლის მაისში, ოთხი წლის ვადით აირჩიეს.

აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვია. ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები: პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

Free business joomla templates