Home

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს ახალ პროექტში - Bridging the Gap ჩაერთო

12121212

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს ახალ პროექტში - Bridging the Gap - an analysis of the global football ecosystem ერთვება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი პირველია, რომელიც ფიფამ აღნიშნულ პროექტში ჩართო.


Bridging the Gap მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს „ტალანტების განვითარების“ პროგრამის ახალი პროექტია. მისი მთავარი მიზანია, რომ ფიფას წევრ ასოციაციებს ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული საფეხბურთო აკადემიებისა და სკოლების განვითარებაში, რაც თავისთავად ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. პროგრამის ფარგლებში ფიფა განახორციელებს სხვადასხვა სახის მხარდამჭერ პროგრამებს და საგანმანათლებლო პროგრამებს. პროექტის ფარგლებში ექსპერტები მონაწილე აკადემიებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებენ და დაეხმარებიან აღნიშნული პრაქტიკის დანერგვაში. ახალ პროგრამას ფიფა ტალანტების განვითარების კომპანია Double Pass-თან ერთად ახორციელებს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას წარუდგინა 3 საფეხბურთო აკადემია და 10 საფეხბურთო სკოლა. სკოლები/აკადემიები ფიფას მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა. გარდა ტექნიკური პირობებისა, შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყო ის სამი აკადემია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს კადრებით რეგულარულად ამარაგებს. რაც შეეხება საფეხბურთო სკოლებს, კრიტერიუმების მიხედვით მათ უნდა ჰქონოდათ სხვებისგან გამორჩეული კარგი პირობები ფეხბურთელების წვრთნა-განათლებისთვის, მათ შორის, ქალთა ფეხბურთის განვითარების პოლიტიკა.

ფიფას პროექტში მონაწილე აკადემიებისა და სკოლების ჩამონათვალი:

1. დინამო თბილისი
2. ლოკომოტივი
3. საბურთალო
4. მარტვილის ფეხბურთის სკოლა: ბიჭები/გოგონები
5. ნორჩი დინამო მერანი: ბიჭები/გოგონები
6. ტორპედო
7. ბათუმის დინამო
8. ჩიხურა
9. გორი
10. სულაქველიძის აკადემია
11. 35-ე სკოლა
12. სამტრედია
13. წყალტუბო


ფიფასთვის საბოლოო სიის წარდგენისთვის სკოლებისა და აკადემიების შერჩევა 2018-19 წლის კატეგორიზაციის ციკლის შედეგებზე დაყრდნობით მოხდა.

საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის პროექტის 2 წლიანი საპილოტე ციკლი 2018-2019 წლებისთვის 2018 წელს ამოქმედდა. ამჟამად მიმდინარეობს 2020 წლის კატეგორიზაციის გარდამავალი ციკლი, რომელიც ივლისიდან ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. უკვე მომავალი წლიდან კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კატეგორიზაციის რეგულარულ სამ წლიან ციკლზე გადავა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ახალი პროექტი - Bridging the Gap საფეხბურთო აკადემიებს და სკოლებს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში დაეხმარება. ფიფას ექსპერტები დეტალურად შეისწავლიან მონაწილეების არსებულ მდგომარეობას და ამაზე დაყრდნობით შეიმუშავებენ განვითარების გეგმას. Bridging the Gap-ის ფარგლებში აკადემიებსა და სკოლებში დასაქმებული მწვრთნელები სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამებსაც გაივლიან.

Bridging the Gap ოთხი ფაზისგან შედგება. პირველი ფაზა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში მიმდინარეობდა მოსამზადებელ სამუშაოებს მოიცავდა. მეორე ფაზის ფარგლებში აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით ფიფას და Double Pass-ის წარმომადგენლები მონაწილეთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოაგროვებენ. 2020 წლის ბოლოს კი, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო პროექტის მონაწილე საფეხბურთო ფედერაციებს და აკადემიებს და სკოლებს მომზდებულ ანგარიშს წარუდგენს. მეოთხე ფაზა, რომელიც ექსპერტების მიერ შედგენილი გეგმის იმპლემენტაციას ითვალისწინებს 2021 წლის იანვრიდან აიღებს სტარტს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Free business joomla templates