მიქაელ მამასახლისმა „მართვეს“ პოკერით მოაგებინა
დღეს, სამ იმერულ ქალაქში 2002 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასის გათამაშება დაიწყო. ვიდრე ქუთაისის "მართვესა" და ამბროლაურის "რაჭას" პაექრობა დაიწყებოდა, ირფფ-ს წარმომადგენელმა ვახტანგ დათიაშვილმა შარშანდელ გათამაშებაში გამარჯვებისთვის თასი "მართვეს" კაპიტანს გადასცა. ეს ჯილდო ზვიად ენდელაძისა და გიორგი გაბიჩვაძის გაწრთვნილებმა 2016 წლის დეკემბერში გამართულ გადამწყვეტ მატჩში "სამტრედიას" ძლევისთვის (2:1) დაიმსახურეს.
დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, მასში ქუთაისელმა "მართვეებმა" რაჭველები მიქაელ მამასახლისის მიერ გატანილი 4 გოლით მოიგეს - 4:0.
გიორგი გრიგოლიას გოლით იმარჯვა თერჯოლის "საპოვნელასთან" ქუთაისის "იმერეთმა" (მწრთვნელები სოსო ფხაკაძე, ტარიელ კვატაშიძე), რომელიც 2002-წლამდელთა ღია ჩემპიონატში უკონკურსოდ ასპარეზობს - 1:0. უგოლო ფრე დაფიქსირდა ბაღდათში, სადაც "საირმემ" ხონის "იმერეთს" უმასპინძლა.
გათამაშება მოგებით დაიწყო ჭიათურის საფეხბურთო სპორტსკოლის გუნდმა. დავით ლოლაძის შეგირდებმა 3:1 მოუგეს ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს. ნიკა ღვალაძის, მოსე ავეტისოვისა და იაგო ბაძგარაძის გოლებს სტუმრებმა მხოლოდ ლუკა გურეშიძის გოლით უპასუხეს.