ქალი არბიტრის დებიუტი იმერეთის ღია ჩემპიონატზე
19 აპრილს, ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ 2003-წლამდელთა (U14) იმერეთის ღია ჩემპიონატზე მესამე ტურის მატჩები გაიმართა. მორიგი ქულები ჩაიწერეს გათამაშების ლიდერებმა - ქუთაისის "ტორპედომ" და "მართვემ", რომლებიც გათამაშების ცხრილს უდანაკარგოდ უდგანან სათავეში.
"სამტრედია" - "ხვამლი" (ცაგერი) 5:0
"ჩიხურა" (საჩხერე) - "იმერეთი" (ქუთაისი) 6:0
"სპორტსკოლა" (ჭიათურა) - "ტორპედო" (ქუთაისი) 1:4
"მართვე" (ქუთაისი) - "იმერეთი" (ხონი) 1:0
5 უპასუხო გოლით იმარჯვა ცაგერელ სტუმრებთან ნოდარ ჩიგოგიძის გაწრთვნილმა "სამტრედიამ". სხვათა შორის, იმერელთა თავკაცი ამ დღეებში იუბილარი გახლდათ (მას 60 წელი შეუსრულდა), რის აღსანიშნავადაც შეგირდებმა შესანიშნავი საჩუქარი უძღვნეს. დუბლი შეასრულა სერგი ბაბუნაშვილმა (37-ე და 44-ე წუთებზე), თითო გოლი კი რომანი ტრაპაიძის (19), ლუკა შენგელიასა (26) და თაზო ნადირაძის (40) ანგარიშზეა.
ასევე "მშრალი" გამარჯვება იზეიმა საჩხერის "ჩიხურამ" (მწრთვნელი მირიან მიქაძე) შინ ქუთაისის "იმერეთთან" - 6:0. სანდრო ასანიძემ წყვილი გოლი დებიუტშივე (7, 13) მიითვალა, რასაც თენგიზ ბუღაძემ, ბაჩანა ჩხიტელიძემ, ნიკა კაპანაძემ და დავით გურგენიძემ თითოც მიაყოლეს.
ტურის ერთადერთი გასვლითი მოგება დაფიქსირდა ჭიათურაში, სადაც გელა წიქარიშვილის დარიგებულებმა 4:1 იმარჯვეს. ლუკა ორმოცაძის (2), ანზორი თევზაძისა და ლუკა კუხიანიძის გოლებს, მასპინძელმა გიგა აბრამიშვილმა მეორე ტაიმში ზუსტად შესრულებული პენალტით უპასუხა.
ნიკა ბებიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო ხონის "იმერეთთან" საშინაო პაექრობა ქუთაისის "მართვემ" (მწრთვნელი ავთო რევიშვილი).
ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის გათამაშებაში (2002 წელს დაბადებულები) ღირშესანიშნავი მოვლენა დაფიქსირდა. ქუთაისის "მართვესა" და თერჯოლის "საპოვნელას" მატჩი არბიტრის რანგში პირველად იმსაჯა თამთა შენგელიამ. ეს ქალი არბიტრის ოფიციალური დებიუტი იყო. საასისტენტო კარიერაში ახალბედები (ისინი უკვე მეორე მატჩში ასრულებდნენ თანამსაჯის ფუნქციას) იყვნენ მისი მამაკაცი დამხმარეები - თამაზ მუმლაძე და გიგა ბერიშვილი. მატჩის დამსწრე ირფფ-ს სამსაჯო განყოფილების უფროსის გიორგი კიკაჩეიშვილის თქმით, სამთავემ კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.
თავად მატჩს რაც შეეხება, მასში ანგარიში ზუსტი საჯარიმო დარტყმით თერჯოლელმა ლაშა მარუაშვილმა გახსნა, რასაც რატი ხაჭაპურიძემ პირველსავე ტაიმში უპასუხა - 1:1. ამ უკანასკნელმა, შესვენების შემდეგ უმალვე დააწინაურა ქუთათურები. 57-ე წუთზე გათამაშებაში მისი მორიგი გოლი გაიტანა მიქაელ მამასახლისმა, ხოლო ლუკა ხმელიძემ მატჩის ბოლო წუთზე შეძლო საბოლოო შედეგის მასპინძელთა სასარგებლოდ დაფიქსირება - 4:1.