,,სოკარის რეგიონალური თასი"
12 ნოემბერს ,,სოკარის რეგიონალური თასის" გათამაშებაზე 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.
პირველ მატჩში ერთმანეთს პირველი ჯგუფის გამარჯვებული ,,სამგურალი" წყალტუბო და მეორე ჯგუფის მეორე ადგილოსანი ,,ქუთაისი" ქუთაისი დაუპირისპირდნენ. წყალტუბოელებმა შეხვედრა მეტოქეზე გაცილებით უკეთ დაიწყეს და გიორგი თოფურიასა და ლუკა წულაიას გოლების წყალობით მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ. მეორე ტაიმი ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა და რეზო ლობჟანიძემ პენალტიდან ერთი გოლის გაქვითვაც მოახერხა, თუმცა მატჩის გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს. შეხვედრის ბოლოსკენ მთელი გუნდით შეტევაში ჩართულ ქუთაისლებს ,,სამგურალელთა" კონტრშეტევა გაეპარათ და ლუკა წულაიამ ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - (3-1).
ნახევარფინალის მეორე შეხვედრა ,,სამტრედია" სამტრედიასა და ,,მართვე" ქუთაისს შორის ასევე საინტერესო გამოდგა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, წინა დღით შედარებით უფრო დასვენებულ სამტრედიელებს მატჩის ბოლოსკენ მეტი ძალა აღმოაჩნდათ, რაც მათ კარგად გამოიყენეს და მიხეილ გერაძისა და ირაკლი მელქაძის გოლების წყალობით შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.
ამრიგად მესამე ადგილის გამოსავლენ მატჩში ერთმანეთს ,,მართვე" ქუთაისი და ,,ქუთაისი" ქუთაისი შეხვდებიან. შეხვედრა 13 ნოემბერს წყალტუბოში ,,26 მაისის" სახელობის სტადიონზე 10 საათზე გაიმართება.
ტურნირის ფინალური შეხვედრა ასევე 13 ნოემბერს ჩატარდება. ,,სამგურალი" წყალტუბო და ,,სამტრედია" სამტრედია ერთმანეთს იუზა ლოსაბერიძის სახელობის თასის მოსაპოვებლად დაუპირისპირდებიან.
- გადასვლები: 2991