ირფფ-ს VIII ყრილობამ აღმასკომის ახალი წევრები აირჩია
2017 წლის 12 აპრილს, ქუთაისში - "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" დარბაზში იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მერვე ყრილობა ჩატარდა. დღის წესრიგში ორი საკითხი იყო: ირფფ-ს წესდების ახალი რედაქციის მიღება და აღმასკომის წევრთა ახალი შემადგენლობის არჩევა. ყრილობას თბილისიდან ესწრებოდა სფფ-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე სალომე კიკალიშვილი.
ათივე დელეგატის მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ კენჭისყრაზე დააყენა წესდების ახალი ვარიანტი. ცნობისთვის, სფფ-ს, ფიფა-ს და უეფა-ს წესდებებთან სრულ შესაბამისობაში მოსული ეს დოკუმენტი, ყრილობის დელეგატებს ჩატარებამდე 6 დღით ადრე დაეგზავნათ. საბოლოოდ ირფფ-ს ახალი წესდება დელეგატთა აბსოლუტური უმრავლესობით იქნა მიღებული.
მეორე საკითხის კენჭისყრისას, საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილ იქნენ აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის ის კანდიდატები, რომლებიც ირფფ-ს წევრმა სუბიექტებმა წესდებით დადგენილ ვადაში წარმოადგინეს ფედერაციის გენერალურ სამდივნოში: ვახტანგ ბზიკაძე, კახა შალამბერიძე, რამაზ დვალიშვილი და ბადრი ნაკაშიძე.
დელეგატთა შორის არჩეულმა ხმის დამთვლელმა კომისიამ (რამაზი სანიკიძე, იასონ ბზიკაძე, დავით სევასტოპულო) ბიულეტენების დათვლის შემდეგ, ზემოთ ნახსენები კანდიდატები აღმასკომის წევრებად გამოაცხადა (ყველა მათგანმა 10-10 ხმა მიიღო).