სფფ ქუთაისში საფეხბურთო აკადემიას ააშენებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქუთაისში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას იწყებს.
პროექტის მიხედვით ადგილზე ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყობა ხელოვნური განათებით. ორი მოედნისთვის კი, ტრიბუნა და ელექტრონული ტაბლო დამონტაჟდება. საფეხბურთო ინფრასტრუქტურასთან ერთად აკადემიის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და ადმინისტრაციული კორპუსები აშენდება.
პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული ინფრასტრუქტურით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიის 14 და 15-წლამდე გუნდები ისარგებლებენ. აკადემიის აღსაზრდელების გარდა, კომპლექსის გამოყენება ადგილობრივ საფეხბურთო სკოლებს, მოყვარულთა და ქალთა გუნდებს შეეძლებათ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიწა აკადემიის ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას და უეფას დაფინანსებით განხორციელდება. ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოს იგეგმება.