საქართველო - ესპანეთის მატჩი გულშემატკივრებთან ერთად!
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტს ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით შეძლებს დასწრებას. საქართველო - ესპანეთის მატჩზე სტადიონის ტევადობის 30 პროცენტი დაიშვება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა კომენტარი გააკეთა:
დავით მუჯირი: "ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო - ესპანეთის მატჩი გულშემატკივრის თანდასწრებით გაიმართება. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, უეფა-ს რეგულაციებით, სტადიონის საერთო ტევადობის მხოლოდ 30 პროცენტი დაიშვება. შესაბამისი სტრუქტურების გადაწყვეტილებით, ეს კვოტა მაქსიმალურად იქნება ათვისებული და დაახლოებით, 15 ათას 500 გულშემატკივარს საშუალება მიეცემა დინამო არენაზე უგულშემატკივროს საკუთარ გუნდს.
ამ გადაწყვეტილების შესახებ უეფასთან კომუნიკაცია უკვე გვქონდა და პირველადი კონსულტაციები მატჩის ორგანიზების შესახებ უკვე გავიარეთ. ასევე დამატებით მოხდება შეხვედრა ადგილობრივ შესაბამის სტრუქტურებთან. ყველა რეგულაცია მატჩზე დასწრებასთან დაკავშირებით, ორშაბათს გახდება ცნობილი და ინფორმაციას ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით გავავრცელებთ.
რაც შეეხება ბილეთების გაყიდვას, უეფა-ს რეკომენდაციით, გულშემატკივარს მატჩზე დასასწრები ბილეთის შეძენა ონლაინ რეჟიმში, პირადი ნომრის მითითებით შეეძლება. ყველა ის ადამიანი, რომელიც მატჩის ბილეთს შეიძენს, მატჩის დღეს ღამის 12 საათამდე გადაადგილების უფლება ექნება."
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის დაპირისპირება 28 მარტს დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების განრიგი:
25 მარტი, 23:45
შვედეთი - საქართველო
28 მარტი, 20:00
საქართველო - ესპანეთი
31 მარტი, 22:45
საბერძნეთი - საქართველო