უეფას კონგრესის ფარგლებში, ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებს გასული წლების ფინანსური ანგარიში წარუდგინეს, რის შემდეგაც კონგრესმა ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა.
უეფას გადაწყვეტილებით, 2024-2028 წლებში, ჰეთ-თრიქის სოლიდარობის და განვითარების პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 21 პროცენტით იზრდება. ამრიგად, თითოეულ ასოციაციას, 4 წლის განმავლობაში მაქსიმუმ 17 მილიონი ევროს მიღება შეუძლია. პროგრამა მხარს უჭერს უეფას წევრ ასოციაციებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში.
უეფას კონგრესს ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო დაესწრო და უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინთან ერთად სიტყვით მიმართა 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებს. კონგრესის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა ქალთა ფეხბურთის მნიშვნელობას და ჩართულობის ზრდას.
უეფას კონგრესის ჩატარებამდე, 10 მაისს, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც გერმანიაში გასამართი ევრო 2024-ის კალენდარი დამტკიცდა. გარდა ამისა, აღმასრულებელმა კომიტეტმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის და ასაკობრივი სანაკრებო ჩემპიონატების განახლებული რეგლამენტი დაამტკიცა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ უეფას კონფერენს ლიგის 2023 წლის ფინალურ შეხვედრას პრაღა უმასპინძლებს.
უეფას მომდევნო, 47-ე კონგრესი 2023 წლის 5 აპრილს, ლისაბონში გაიმართება.