ახალ ტექნიკურ ცენტრში ასევე იმყოფებოდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები.
ტექნიკურ ცენტრში მოეწყო ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი. ოთხივე მოედანი აღიჭურვა განათების სისტემით, ორ მოედანზე კი მოეწყო ტრიბუნა. აკადემიის ტერიტორიაზე ასევე აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, სადაც გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახები მოეწყო.
აღნიშნული ინფრასტრუქტურით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიის 14 და15-წლამდე გუნდები ისარგებლებენ. აკადემიის აღსაზრდელების გარდა, კომპლექსის გამოყენება ადგილობრივ საფეხბურთო სკოლებს, მოყვარულთა და ქალთა გუნდებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ. ქალთა და ვაჟთა ასაკობრივი ნაკრები გუნდები კომპლექსს შეკრებებისთვის, საერთაშორისო და ოფიციალური მატჩებისთვის გამოიყენებენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აკადემიის მშენებლობისთვის მიწა ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა და უეფას HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდება.
ქუთაისის ტექნიკური ცენტრი უკვე მეხუთეა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში განახორციელა. ქუთაისის გარდა საფეხბურთო ცენტრები ლაგოდეხში, რუსთავში, გვიმბალაურსა და რუხში აშენდა.