ვანელებმა III ადგილი პენალტების სერიაში დაისაკუთრეს
ქუთაისის მერიისა და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ რამაზ შენგელიას სახელობის ტურნირზე III ადგილისთვის მატჩი გაიმართა. ჭომაში მდებარე მოედანზე ერთმანეთის პირისპირ ქუთაისისა და ვანის "მართვეები" წარსდგნენ. გუშინდელ ნახევარფინალებში პირველმა თანაქალაქელ "ტორპედოსთან" 0:4 წააგო, მეორემ კი - ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-თან პენალტების სერიაში დათმო დრამატული ორთაბრძოლა.
დაძაბულობა არც ამ მატჩს აკლდა. მის ძირითად დროში, ამ ტურნირზე პირველი 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ჯერჯერობით გათამაშების საუკეთესო ბომბარდირმა (6 გოლი) ლუკა ოქროპილაშვილმა გოლად აქცია. ვანელთა კაპიტანმა მისი გუნდი მე-6 წუთზე დააწინაურა.
ვალერი კუბლაშვილის შეგირდები ბევრს ეცადნენ გათანაბრებას, მაგრამ ტურნირის ერთ-ერთმა საუკეთესო კიპერმა ავთო მეფარიშვილმა ქუთაისელთა არაერთი შეტევა გააუვნებელყო. თუმცა, თამაშის 37-ე წუთზე ისიც უძლური აღმოჩნდა ლუკა ბრეგაძის წამოწყებული ეფექტური სამსვლიანი კომბინაციის წინააღმდეგ, რომელსაც წერტილი ვახო კვერნაძემ დაუსვა - 1:1.
გუნდები დარჩენილ დროშიც შეტევაზე ფიქრობდნენ. 2005-წლამდელთა კვალობაზე მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა და ისე დასრულდა ვერცერთ მათგანზე იტყოდა კაცი, რომ ისინი ანგარიშის შენარჩუნებას და საქმის პენალტების სერიამდე (დებულებით, პლეი ოფის ფრედ დამთავრების შემდეგ 11-მეტრიანები ინიშნება) მიყვანას ცდილობდნენ. ყველაზე რეალური მომენტი კვლავ ოქროპილაშვილს ჰქონდა, რომლის შორეული დარტყმა ძელის ძირმა უკან გამოაგდო.
პენალტებში იღბლიანი ამჯერად ვანის "მართვე" (მწრთვნელი კობა ლორთქიფანიძე) აღმოჩნდა. სერია საბოლოოდ 5:4 დასრულდა და ვანელები ტურნირის მესამეადგილოსნები გახდნენ.
ფინალი, ქუთაისში ხვალ, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე შედგება. მასში ქუთაისის "ტორპედო" ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს დაუპირისპირდება. მატჩის შემდეგ, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება, საქვეყნოდ ცნობილი ვეტერანები - სასიამოვნოდ მოსაგონარი 1981 წლის 13 მაისის მატჩის მონაწილე ფეხბურთელები, ლეგენდარული რამაზ შენგელიას თანაგუნდელები - გათამაშების გამარჯვებულებს, პრიზიორებს და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელებს სამახსოვრო პრიზებს გადასცემენ.
14 მაისი. ქუთაისი, ჭომის სტადიონი. 18:00 საათი. 100 მაყურებელი.
"მართვე" (ქუთაისი) - "მართვე" (ვანი) 1:1 (0:1), პენალტებით 4:5
"მართვე" (ქ): თაზო ჭეიშვილი, საბა სანიკიძე, საბა კაპატაძე, ვახო კვერნაძე, ოლეგი გამეზარდაშვილი, გიორგი ხიდეშელი, ლუკა ბრეგაძე (კაპ.), ბერიკა ბერეკაშვილი, მათე ენდელაძე; ლუკა ცეკვაშვილი, საბა დავითულიანი, ლუკა საღარეიშვილი, თაზო გოლეთიანი, გივი იმედაძე, ნიკა კაპატაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვალერი კუბლაშვილი.
"მართვე" (ვ): ავთო მეფარიშვილი, საბა დიასამიძე, საბა გიორგაძე, მალხაზი კაპატაძე, ლუკა ცხვარაძე, ვალერი მჟავანაძე, რომიკო თათვიძე, ლუკა მსხილაძე, ლუკა ოქროპილაშვილი (კაპ.); ლუკა გიორგაძე, ლუკა პაიკიძე, გიორგი შენგელია, გუგა ბაღდავაძე, ბესო ლორთქიფანიძე, გიორგი ძაგნიძე.
მთავარი მწვრთნელი: კობა ლორთქიფანიძე.
გაფრთხილება: ბრეგაძე (33).
გოლები: 0:1 ოქროპილაშვილი (6, პენ.), 1:1 კვერნაძე (37).
პენალტების სერია: 1:0 ბრეგაძე, 1:1 მეფარიშვილი, 2:1 ენდელაძე, 2:2 გიორგაძე, 2:2 ს. კაპატაძე (მეკარემ აიღო), 2:3 ოქროპილაშვილი, 3:3 ხიდეშელი, 3:4 მსხილაძე, 4:4 კვერნაძე, 4:5 მჟავანაძე.
მსაჯები: კობა ჭაჭუა, ბექა კუნჭულია (ორივე ქუთაისი).
- გადასვლები: 3496