,,სოკარის რეგიონალური თასი"
3 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა,,სოკარის რეგიონალური თასის" გათამაშება 2004 და 2006 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის.
წყალტუბოს ,,26 მაისის" სახელობის სტადიონზე დილის 10 საათზე 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის მესამე ადგილის გამოსავლენი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ,,მართვე" ქუთაისი და ,,ქუთაისი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველი ნახევარი ,,მართვეს" უპირატესობით წარიმართა. ტაიმის შუაწელს მათ თერთმეტმერიანი დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ანრი უღრელიძემ ბოძებული შანსი ვერ გამოიყენა და ბურთი კარს ააცილა, თუმცა ტაიმის ბოლოს მაინც ,,მართვემ" იმარჯვა და დიეგო დეისაძის გოლის წყალობით შესვენებაზე ერთბურთიანიუპირატესობით გავიდნენ.
შეხვედრის მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარით წარიმართა. გაცილებით უფრო მოტივირებულნი ,,ქუთაისის" ფეხბურთელები აღმოჩნდნენ, მეორე ტაიმში მათ ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრა თავიანთ სასარგებლოდ - (2-1) დაასრულეს.
ამის შემდეგ ფინალური მატჩების ჯერი დადგა. პირველად ერთმანეთს თენგიზ სულქველიძის სახელობის თასის მოსაპოვებლად 2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ერთმანეთს ,,ტორპედო" ქუთაისი და ,,კომპლექსური სპორტ.სკოლა" სამტრედია დაუპირისპირდნენ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ პირველ წარმატებას, ტორპედოელებმა მიაღწიეს. ისინი გიორგი გოგსაძის გატანილი გოლით დაწინაურდნენ, თუმცა სამტრედიელმა ლევან ნაჭყეპიამ წონასწორობა მალევე აღადგინა. შეხვედრის ბოლოს გაცილებით უკეთ სამტრედიელები გაისარჯნენ და ლევან გუგუციძის გადამწყვეტი გოლის წყალობით ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
მეორე ფინალური შეხვედრა იუზა ლოსაბერიძის სახელობის თასზე 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, სადაც ერთმანეთს ,,სამგურალი" წყალტუბო და ,,სამტრედია" სამტრედია დაუპირისპირდნენ, უფრო დაძაბული, მაგრამ სანახაობრივად ნაკლებად საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდი უმეტესად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობდა და შეხვედრაც უგოლო ფრით დასრულდა. დებულების თანახმად პენალტების სერია დაინიშნა. საფეხბურთო ლატარეაში უფრო იღბლიანები წყალტუბოელები აღმოჩნდნენ. მათ მეტოქე (4-3) დაამარცხეს და იუზა ლოსაბერიძის სახელობის თასს დაეუფლნენ.
ტურნირზე მოწვეულნი იყვნენ იმერეთის გუბერნატორი ბატონი გივი ჭიჭინაძე, სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები. აგრეთვე გამოჩენილი ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებმაც ტურნირის გამორჩეულ მოთამაშეებს პრიზები გადასცეს.
პრიზები გადაეცათ:
2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის:
საუკეთესო მეკარე - ლუკა დეისაძე ,,მართვე" ქუთაისი
საუკეთესო მცველი - ამირან კეთილაძე ,,სამგურალი" წყალტუბო
საუკეთესო ნახევარმცველი - თორნიკე ქოქოშვილი ,,სამტრედია" სამტრედია
საუკეთესო თავდამსხმელი - გიორგი რობაქიძე ,,ქუთაისი" ქუთაისი
საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი თოფურია ,,სამგურალი" წყალტუბო
ბომბარდირი - გიორგი პირტახია ,,სამტრედია" სამტრედია.
2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის:
საუკეთესო მეკარე - სოსო კოპალიანი ,,ტორპედო" ქუთაისი
საუკეთესო მცველი - ლუკა ივანაშვილი ,,ჩიხურა" საჩხერე
საუკეთესო ნახევარმცველი - თომა ბერძენაძე ,,ტორპედო" ქუთაისი
საუკეთესო თავდამსხმელი - ლევან ნაჭყებია ,,კომპლექსური სპორტ.სკოლა" სამტრედია
საუკეთესო ფეხბურთელი - ნიკა მღარიშვილი ..მარგვეთი - 2006" ზესტაფონი
ბომბარდირი - თეიმურაზ ქანთარია ,,კომპლექსური სპორტ.სკოლა" სამტრედია
- გადასვლები: 3246