Home

საქართველოს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ინოვაციური პროგრამა

web map


უეფა საქართველოს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მიუხედავად იმისა, რომ ევრო-2020 მომავალ წლამდე გადაიდო, უეფამ უკვე დაიწყო იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულება, რომლებიც „ჰეტ-ტრიკის" პროგრამის 2020-24 წწ. ციკლით არის გათვალისწინებული. „ჰეტ-ტრიკი" არის ფეხბურთის განვითარების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც უეფა ევროპის ჩემპიონატიდან მოპოვებული შემოსავლის ნაწილს თავის წევრ ასოციაციებს ურიცხავს. უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვაქვეყნებთ სპეციალური სტატიების სერიას, სადაც წარმოგიდგენთ სხვადასხვა ეროვნული ასოციაციის მიერ „ჰეტ-ტრიკის" დაფინანსებით განახორციელებულ პროექტებს. ამჯერად ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე, რომელსაც წარმატებით ახორციელებს საქართველო.

2014 წელს ამოქმედდა უეფა-ს ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამა, რომელიც პირველ ეტაპზე ოთხ საპილოტე ასოციაციას - სომხეთს, ბელარუსს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას - ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში ეხმარება.


უეფა-ს დახმარებით ამ ოთხ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ეროვნული აკადემიების სტრუქტურა, სადაც ყურადღება გამახვილებულია ასოციაციას, სკოლებსა და კლუბებს შორის მყარი კავშირების ჩამოყალიბებაზე და ამგვარად ფეხბურთისა და განათლების ერთმანეთთან მკაფიოდ დაკავშირებაზე. კონკრეტული პროგრამები მორგებული იქნა თითოეული ასოციაციის საჭიროებებზე. ისინი მოიცავენ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ფილოსოფიას, ფიზიკურ, ტაქტიკურ და დიეტოლოგიურ სისტემებს, ისევე როგორც ფეხბურთელთა განვითარებაზე მიმართულ მოქმედების გეგმას.

დავით მუჯირი - სფფ-ის გენერალური მდივანი:„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ „ჰეტ-ტრიკის" პროგრამის ფარგლებში მიღებულ თანხებსა და განხორციელებულ პროექტებს ჩვენთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იყო ინფრასტრუქტურის ნაკლებობა იმ მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თავისთვის აქვს დასახული.

ჰეტ-ტრიკის" ბოლო ციკლის საინვესტიციო პროექტის კომპონენტით ჩვენ გავხსენით რუსთავის ტექნიკური ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ცენტრალური აკადემიის ადგილსამყოფელს. საქართველოში ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვესაჭიროება მსგავსი ინფრასტრუქტურა. „ჰეტ-ტრიკის" პროგრამიდან მიღებული დაფინანსება ჩვენ ყოველწლიურად საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ მსგავსი პროექტები, ასევე ხელი შევუწყოთ ქალთა ფეხბურთის, სოციალური პასუხისმგებლობისა და მწვრთნელთა განათლების მიმართულებების განვითარებას."

საქართველოს ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამა - ძირითადი ფაქტები:

რეგიონალურ აკადემიებში ვარჯიშობენ 14 და 15 წლამდე ასაკის ფეხბურთელები. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით უკვე მოქმედებს სფფ-ს ოთხი აკადემია.

რეგიონალური ცენტრებიდან ხდება ფეხბურთელების შერჩევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებისთვის. 16 წლამდე ასაკის ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენაში ფედერაციას ეხმარება სკაუტების ფართო ქსელი. პირველ ეტაპზე ხდება 20-დღიანი შეკრებისთვის 60-მდე ფეხბურთელის შერჩევა.

60 ფეხბურთელიდან რუსთავის აკადემიაში ყოველწლიურად გადადის 22 უნიჭიერესი ჭაბუკი. მათ საშუალება ეძლევათ, მოიპოვონ უმაღლესი დონის საფეხბურთო განათლება.

ფეხბურთელები 1-3 წლის მანძილზე ცხოვრობენ აკადემიის ტერიტორიაზე. მათთვის უზრუნველყოფილია ვარჯიში, საჯარო სკოლაში განათლების მიღება, კვება, ტანსაცმელი, აღჭურვილობა და სამედიცინო მომსახურება, ხოლო საჭიროების შემთზვევაში ფსიქოლოგიური დახმარებაც.

რუსთავის აკადემიის პროგრამის დასრულების შემდეგ, 17 წლამდე და უფროს ფეხბურთელებს შეეძლებათ ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებებსა და პროფესიულ დონეზე თამაში.

აკადემიების დაფინანსებას უზრუნველყოფენ უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. უეფას მიერ გამოყოფილი თანხებით და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სფფ ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაში აშენებს ახალ ობიექტებს.

აკადემიების ადგილმდებარეობა

სფფ-ის სტრუქტურაში მოქმედებს რამდენიმე აკადემია. კოლექტიურად ისინი უზრუნველყოფენ პროგრამის წარმატებას:

რუსთავი (U-14, U-15 და U-16)
ზუგდიდი (სამეგრელო), ჩამოყალიბდა 2016/17 სეზონის დასაწყისში (U-14 - U-15). (გადაინაცვლებს რუხის აკადემიაში, მშენებლობის დასრულების შემდეგ)
რუხი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო) - მშენებლობის სტადიაზეა
ლაგოდეხი (კახეთი), ჩამოყალიბდა 2017/18 სეზონის პერიოდში (U-14 - U-15)
გვიმბალაური (გურია), ჩამოყალიბდა 2020 წელს (U-14 - U-15)
ქუთაისი (მშენებლობის სტადიაზეა)

პროგრამის შედეგები
სამოქმედო გეგმის ტექნიკური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კომპონენტების მიმართ თანმიმდევრულმა მიდგომამ უკვე გამოიღო შედეგები. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო საკვალიფიკაციო ციკლები გაცილებით უკეთესად ჩაატარა და შედეგები გააუმჯობესა.

საქართველოს ნაკრებს ერთი ნაბიჯი დააკლდა დიდ ტურნირამდე. 2020 წლის ნოემბერში გუნდმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა - კიდევ ერთ ქვეყანასთან, რომელიც ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამით სარგებლობს.

საქართველოს 17 და 19 წლამდე ახალგაზრდული ნაკრებები 2019/20 სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში გავიდნენ.

ჟან-ფრანსუა დომერგი - უეფა-ს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი:„ეს პროექტები ძალზედ წარმატებით მიმდინარეობს. მათი განხორციელებით უეფა სწორ გზაზე დგას. ოთხივე ასოციაციამ ყველა კომპონენტში მიაღწია წინსვლას."

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Free business joomla templates