ყრილობას სფფ-ის მენეჯმენტის წარმომადგენლები, ფეხბურთის ფედერაციის წევრი ორგანიზაციების დელეგატები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ FIFA-ს წევრი ასოციაციების მართვის სერვისების მენეჯერი ემილი დომსი და UEFA-ს ეროვნული ასოციაციების განყოფილების მრჩეველი ჯოზეფ კლიმენტი და საქართველოს სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.
ყრილობის ფარგლებში დელეგატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოხსენებით წარდგა და დელეგატებს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის მოხსენების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის 2029 წლის მასპინძლობის უფლების მოპოვებაზე, რომელსაც საქართველო და სომხეთი ერთობლივად უმასპინძლებენ. ლევან კობიაშვილმა შეაჯამა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ასპარეზობა, ისაუბრა საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეორედ გასვლაზე და ბათუმში გამართული ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის ტურნირის მასპინძლობაზე, რომელიც Beach Soccer Worldwide-მა 2025 წლის საუკეთესო ღონისძიებად დაასახელა.
მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო FIFA-სა და UEFA-ს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს. დელეგატებს ინფორმაცია მიეწოდათ FIFA-ს ტალანტების განვითარების პროგრამის (TDS) საქართველოში ამოქმედების, ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარების, FIFA Arena-ს პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული მოედნების, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი „ავაზას“ გახსნისა და რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ინიციატივების შესახებ.
ყრილობაზე ასევე შეჯამდა სფფ-ის მიერ საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა. აღინიშნა UEFA-ს აკადემიასთან თანამშრომლობით ჩატარებული პროგრამები და მწვრთნელთა განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსაჯთა განვითარების პროგრამებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების პროცესს.
ლევან კობიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესზეც. აღინიშნა, რომ UEFA GROW-ის პროგრამის ჩართულობით მიმდინარეობს 2027-2031 წლების სტრატეგიის მომზადება. ახალი სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას საკლუბო ფეხბურთისა და ეროვნული ჩემპიონატის განვითარება წარმოადგენს.

