”ტორპედომ” ბასილაძის პოკერით და კანკიას დუბლით იმარჯვა
დღეს ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშების (2005 წლამდე ჭაბუკები) მორიგი ტურის მატჩები გაიმართა:
"სამტრედია" - "ტორპედო" (ქუთაისი) 1:7 (1:4)
"ჩიხურა" (საჩხერე) - "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 4:1 (1:0)
"მართვე" (საჩხერე) - "შუქურა" (ქობულეთი) 1:4 (0:3)
"მართვე" (ქუთაისი) - "საპოვნელა" (თერჯოლა) 1:0 (1:0)
"იმერეთი" (ქუთაისი) - "მართვე" (ვანი) 2:1 (1:1)
"სპორტსკოლა" (სამტრედია) - "ხვამლი" (ცაგერი) 1:2 (0:1)
ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი სამტრედიაში შედგა, სადაც ადგილობრივ გუნდს "ტორპედომ" 7:1 მოუგო. საკუთარი გუნდის წარმატებას პოკერით შეეწია ალეკო ბასილაძე (10, 23, 27, 45), გიორგი კანკია კი დუბლით (7, 52). აღსანიშნავია, რომ ანგარიში მასპინძელმა თამაზ ჭაფოძემ პირველსავე წუთზე გახსნა. ქუთათურთაგან ბოლო გოლის ავტორი საბა გოგლიჩიძეა.
კიდევ ერთ იმერულ დერბიში "ჩიხურამ" მარგველებს 4:1 სძლია. საჩხერელებმა ავთანდილ კუტალაძის დუბლით (23, 53), ზურა დემეტრაშვილისა და ოთარ დოღაძის თითო გოლით შეძლეს ანგარიშში უპირატესობის მოპოვება. ზესტაფონელთა გოლი გეგა ქურცაძის (36) ანგარიშზეა.
საჩხერემ კიდევ ერთ მატჩს უმასპინძლა. ადგილობრივმა "მართვე" "შუქურას" დაუხვდა და 1:4 წააგო. ლუკა ჩაგანავას მიერ პირველ წუთზე გატანილ გოლს გურამ ჯაფარიძემ მე-7 წუთზე მეორე მიუმატა. ტაიმის ბოლომდე ირაკლი გირიფილაძემ (18) კიდევ უფრო დააწინაურა სტუმრები. მასპინძლებმა, კერძოდ კი თემო ხარაიშვილმა 34-ე წუთზე პენალტით შეძლო ერთი გოლის გაქვითვა, თუმცა ლუკა მოწყობილმა 50-ეზე სამბურთიანი სხვაობა მაინც აღადგინა.
ქუთაისის "მართვემ" თერჯოლის "საპოვნელას" გოგა ასანაშვილის (19) ერთადერთი გოლით სძლია - 1:0.
კიდევ ერთმა ქუთაისურმა გუნდმა - "იმერეთმა" ვანელები მიიღო და გიგი მაწკეპლაძის (11) გოლით იგებდა. სტუმარმა ლუკა გიორგაძემ 22-ე წუთზე გაათანაბრა. მატჩის გადამწყვეტი გოლი აკაკი ბარქაიას (33) აქტივშია, რომლითაც მასპინძლებმა საბოლოო ანგარიშის სათავისოდ დაფიქსირება შეძლეს - 2:1.
ტურის ბოლო თამაში სამტრედიაში, იქაური "სპორტსკოლისა" და ცაგერის "ხვამლის" მონაწილეობით ჩატარდა. ლეჩხუმელები დათო საღინაძის დუბლით (29, 31) იგებდნენ, მაგრამ ორბურთიანი ჰანდიკაპი მაინც ვერ შეინარჩუნეს. გიორგი მაჩიტაძემ 52-ე წუთზე მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა - 1:2.